search close
picture განცხადება

„International Network of Civil Liberties' Organizations“-ის წევრებმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

3 ნოემბერი 2025

2025 წლის 2 სექტემბერს, შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომლებიც სამოქალაქო თავისუფლებების ორგანიზაციების საერთაშორისო ქსელს წარმოადგენენ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარადგინა მესამე მხარის წერილობითი პოზიცია (amicus curiae) საქმეზე Georgian Young Lawyers Association and Others v. Georgia, no. 31069/24.

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი წერილობითი პოზიციის მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შემზღუდველი კანონმდებლობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მიიღეს. ყველა შემთხვევაში, სამიზნე ის ჯგუფები ან ინდივიდუალური აქტივობები იყო, რომლებიც მოქმედი მთავრობის პოლიტიკას აკრიტიკებდა. შესაბამისად, წერილობითი პოზიციის მიზანია წარმოაჩინოს მთავრობების მიერ, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის დარღვევით, განსხვავებული აზრის ჩასახშობად გამოყენებული მრავალფეროვანი მეთოდები.[1]

უნგრეთში, 2017 წლის კანონი „უცხოური ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ“  სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული, დისკრიმინაციული და მასტიგმატიზებელი საკანონმდებლო ღონისძიება იყო. ეს უკანასკნელი ნაწილობრივ შთაგონებული იყო უსეთში მიღებული კანონით „უცხოელი აგენტების შესახებ“. შემდგომში, ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სამართლომ ეს კანონი ევროპის კავშირის კანონმდებლობასთან შეუთავსებლად მიიჩნია.[2]

გარდა ამისა, 2025 წლის მარტში, მსგავსი კანონი ბოსნია და ჰერცოგოვინას ერთეულში, რესპუბლიკა სპრსკაში მიიღეს. გამოქვეყნებიდან ორი დღის შემდეგ, ბოსნია და ჰერცეგოვინას საკონსტიტუციო სასამართლომ კანონის მოქმედება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა. სასამართლომ მიუთითა, რომ კანონის ამოქმედების შემთხვევაში, არსებობდა გამოუსწორებელი ზიანის რისკი იმ მიზეზით, რომ ორგანიზაციებს ფინანსური ზარალი მიადგებოდათ ან მუშაობა აეკრძალებოდა და აქტივობების მნიშვნელოვანი შემცირება მოუწევდათ. მათი საქმიანობის შეწყვეტასა და დონორების (განსაკუთრებით უცხოელი დონორების) ნდობის დაკარგვას კი, გრძელვადიანი და გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვებოდა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კანონი შემდგომში არაკონსტიტუციურად გამოცხადდებოდა, ორგანიზაციებისათვის მიყენებული ზიანი ვერ ანაზღაურდებოდა, რადგან მათი საქმიანობა შეწყდებოდა, მათ წევრებსა და თანამშრომლებს სამსახურის დატოვება მოუწევდათ და ფინანსური  სახსრები შეუქცევადად დაიკარგებოდა.[3]

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი წერილობითი პოზიციის მიხედვით, ამ საქმეში განსახილველი კანონის მსგავსი კანონმდებლობები სამოქალაქო საზოგადოებაზე შეუქცევად, უარყოფით გავლენას ახდენს მაშინაც კი, თუ სინი მათ მიმართ არ გამოიყენება და შესაბამისად,  მნიშვნელოვან ზიანს იწვევს. ამ კანონების აღმასრულებელ მთავრობებს აქვთ უნარი, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჯგუფები გააუქმონ ან მათი უწყვეტი ფუნქციონირება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ, აქტივისტები დააპატიმრონ ან/და აიძულონ ისინი, შეიცვალონ საცხოვრებელი. შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შემზღუდავი კანონების გაჭიანურებული გამოყენების საფრთხეები სწრაფ რეაგირებას მოითხოვს, რაც სასამართლოს მიერ გაერთიანების თავისუფლების დარღვევებთან დაკავშირებული საქმეების განხილვას ეფექტურ პრიორიტეტს მიანიჭებს.[4]



[1] Hungarian Civil Liberties’ Union, Centro de Estudios Legales Y Sociales, Egyptian Initiative for Personal Rights, Irish Council for Civil Liberties, Kenya Human Rights Commission, KontraS and Legal Resources Centre, მესამე მხარის მიერ წარდგენილი წერილობითი მოსაზრება საქმეზე Georgian Young Lawyers’ Associaion and Others v. Georgia (App. no 31069/24), 02.09.2025, §§ 3-4.

[2] იქვე, §5.

[3] იქვე, §14.

[4] იქვე, §44.

სხვა სიახლეები
ტერმინოლოგია