search close
picture განცხადება

ფეხბურთელების საქმე, WISG-ის მიმართვა სახალხო დამცველთან და სფფ-თვის გაცემული რეკომენდაცია

19 იანვარი 2022

საქართველოს სახალხო დამცველმა ფეხბურთელი ქალების მიმართ სქესის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა და ფეხბურთის ფედერაციას შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართა. სახალხო დამცველი საფეხბურთო კლუბებში ქალთა მიმართ სისტემური დისკრიმინაციის შემთხვევებს, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის მიმართვის საფუძველზე, გასულ წელს განიხილავდა. 

WISG-მა სახალხო დამცველის წინაშე რამდენიმე პრობლემური საკითხი დააყენა, მათ შორის ის, რომ ფეხბურთით დაკავებული კაცებისგან განსხვავებით, ქალები ვერ სარგებლობენ ჯანმრთელობის დაცვის სერვისებით, არ აქვთ თანაბარი წვდომა რესურსებზე, შედეგად, უზიანდებათ ჯანმრთელობა და მცირდება მათი ცხოვრების ხარისხი; ასევე, ქალების სპეციალური საჭიროებები, რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას (სფფ) არსებულ რეგულაციებში არ არის გათვალისწინებული.

საქმის განხილვის პერიოდში, WISG-მა სახალხო დამცველს ასევე მიაწოდა ქალ ფეხბურთელებს შორის გამოკითხვის შედეგებიც, რომელიც არაერთ სხვა პრობლემას აჩვენებს. გასულ წელს გამოკითხულთა ნახევარზე მეტს ჯანმრთელობის შემოწმების პროცედურები არ უტარდებოდათ; თითქმის სრული უმრავლესობა (82.8%) ვერ სარგებლობდა ჯანმრთელობის დაზღვევით.

საქმეს თანდართული ფეხბურთელი ქალების მონათხრობი პირადი გამოცდილების შესახებ, აჩვენებს, თუ რამდენად სისტემ(ატ)ური სახე აქვს კლუბების მხრიდან მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ვალდებულების მოხსნას და სრულად ფეხბურთელებზე დაკისრებას. მონათხრობი ასევე ადასტურებს ქალთა და კაცთა კლუბებში არსებულ მნიშვნელოვნად უთანასწორო მდგომარეობასა და განსხვავებულ პრაქტიკას.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გამოწვევას ნაწილობრივ უკვე უპასუხა და 2020 წლიდან ლიცენზირებად ლიგებს დაემატა ქალთა ლიგაც, შესაბამისად, ქალთა კლუბებისთვის 2021 წლის ჩემპიონატისთვის სავალდებულო გახდა ექიმისა და ფიზიოთერაპევტის ყოლა. 

„კლუბების ლიცენზირების დებულების“ თანახმად, ქალთა ლიგებში მონაწილე კლუბებს მოეთხოვებათ ჰყავდეთ მინიმუმ ერთი კვალიფიციური ექიმი და ფიზიოთერაპევტი. ექიმი პასუხისმგებელია მატჩებისა და ვარჯიშების დროს სამედიცინო მხარდაჭერაზე, ასევე დოპინგის პრევენციაზე, ხოლო ფიზიოთერაპევტი პასუხისმგებელია გუნდის მკურნალობასა და მასაჟზე. ამგვარად, ამ თვალსაზრისით სფფ-ს მიდგომა იდენტურია ქალი და კაცი ფეხბურთელების მიმართ.

თუმცა, ფეხბურთელი ქალების განცხადებით, ცვლილების მიუხედავად, დადგენილი პრაქტიკაა, რომ ზოგიერთ კლუბს ექიმი და ფიზიოთერაპევტი გასვლით თამაშებზე არ ახლავს და მხოლოდ ადგილობრივი თამაშების დროს არიან ჩართული.

ფედერაციის ახალი დებულებით, სავალდებულო გახდა ქალთა ლიგებში მოასპარეზე კლუბებისთვის ფეხბურთელთა ჯანმრთელობის დაზღვევით უზრუნველყოფაც, თუმცა დაზღვევის პაკეტები იაფფასიანია და ხშირად სადაზღვევო კომპანიასთან გადამისამართებულ ფეხბურთელებს საჭირო პროცედურები თუ მედიკამენტები არ უფინანსდებათ. 

საქმის ერთ-ერთი აპლიკანტი და კლუბ “მართვეს” ფეხბურთელი, ლანა გორგაძე ამბობს, რომ ფედერაციის მიერ შემუშავებულ ცვლილებებს ფორმალური ხასიათი აქვს და ჯერ ნაკლებად ხელშესახებია ფეხბურთელი გოგოებისთვის. გორგაძის თქმით, სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება და ჯანმრთელობის დაზღვევა ფეხბურთელი ქალებისთვის კვლავ გამოწვევად რჩება:

“სადაზღვევო პაკეტი არ არის მორგებული ფეხბურთელის საჭიროებებს და იმდენად მწირ სამედიცინო სერვისს ფარავს, რომ საყოველთაო დაზღვევისგან თითქმის არაფრით განსხვავდება. მე მაგალითად, ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციისთვის ყოველ 6 თვეში ერთხელ მესაჭიროება საკმაოდ ძვირადღირებული მედიკამენტი, რომლის ანაზღაურებაზეც სადაზღვეო კომპანიამ უარი მითხრა. პირადი სახსრებით, მით უფრო დაბალი ანაზღაურების პირობებში, წარმოდგენა არ მაქვს როგორ უნდა მოვახერხო ამ ხარჯის დაფარვა. ასევე, ვფიქრობ, რომ ამ სფეროში ყველა მიღწევა და პოზიტიური ცვლილება პირდაპირ უნდა აისახებოდეს გოგოების პროფესიულ ცხოვრებაზე მათი წარმატების, ცნობადობის, კლუბის სტატუსის თუ სხვა ნიშნის მიუხედავად. ის ფაქტი, რომ ცალკეულ კლუბებს ჯანმრთელობის დაცვის ან დაზღვევის კუთხით უკეთესი მდგომარეობა აქვთ, არ ცვლის ზოგად, საგანგაშო სურათს.” 

ამდენად, ტრავმის ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემის შემთხვევაში, ფეხბურთელი ქალებისთვის ხშირად ერთადერთ გზად კვლავ ადმინისტრაციულ პერსონალთან კომუნიკაცია რჩება, რომ საჭირო სამედიცინო კვლევებისთვის შესაბამისი ანაზღაურება მიიღონ. თუმცა, როგორც ფეხბურთელების ყოველდღიური გამოცდილება აჩვენებს, ადმინისტრაციის მხრიდან უგულებელყოფას ან არასათანადო, დაგვიანებულ და არასრულ დახმარებას, კვლავ სისტემატური ხასიათი აქვს.

საქმიდან ამონარიდი ერთ-ერთი ფეხბურთელის პირადი გამოცდილების შესახებ პრობლემის მთელ სიმწვავეს ნათლად აჩვენებს:

„[ფეხბურთელ ქალს] მიღებული ტრავმის მკურნალობაზე შესაბამისი რესურსების გამოყოფაზე კლუბმა უარი განუცხადა, შედეგად მას ტრავმა ქრონიკულ დაავადებაში გადაეზარდა. შემდგომში მან კიდევ მიიღო ტრავმა და სხვების დახმარებით მივიდა ექიმთან, რომელმაც მას თამაში კატეგორიულად აუკრძალა, თუმცა „ტრენერის დაჟინებული თხოვნით“ მან ითამაშა, თამაშისას გაუსაძლისი ტკივილის გამო ტრენერი მას ე.წ. გასაყინს ასხამდა, რაც ტკივილს აყუჩებდა და იგი თამაშობდა. ეს მეთოდი პერმანენტულად გამოიყენებოდა მის მიმართ, თუმცა თამაშების დასრულების შემდეგ მას აუტანელი, უფრო ინტენსიური ტკივილები ჰქონდა. 2019 წელს საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს, გაუსაძლისი ტკივილების გამო, კლუბმა იგი ექიმთან წაიყვანა და ასევე შეუძინა ექიმის გამოწერილი მალამო.“

სახალხო დამცველის აპარატმა, საქმის შესწავლის ეტაპზე, სფფ-სგან გამოითხოვა ინფორმაცია საფეხბურთო კლუბებში ფეხბურთელებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტის უზრუნველყოფის, დასაქმებული ექიმების ოდენობების, ვარჯიშის/თამაშის დროს სპორტსმენის მიერ მიღებული ტრავმების სამკურნალო პროცედურების ანაზღაურების, ფეხბურთელებისთვის ჯანმრთელობის რუტინულად შემოწმების შესახებ; ასევე, გაესაუბრა დარგის ექსპერტებს, პრაქტიკოს ექიმებს და გაეცნო ამ სფეროში არსებულ საერთაშორისო გამოცდილებას.

მათი გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველმა დისკრიმინაციად მიიჩნია ის გარემოება, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რეგულაციებში არ არის გათვალისწინებული ქალების სპეციალური საჭიროებები რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით. კერძოდ:

*ლიცენზირებას დაქვემდებარებული გუნდების ექიმების სავალდებულო ტრენინგებში არ არის შეტანილი ქალი ფეხბურთელების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები;

*ქალი ფეხბურთელების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კონტექსტიდან გამომდინარე, არ არის მიღებული სახელმძღვანელო დოკუმენტი (სტანდარტები) ქალი ფეხბურთელების ორსულობისა და ორსულობის შემდგომი პერიოდისთვის ფიზიკური დატვირთვის თაობაზე;

*არასათანადოდაა უზრუნველყოფილი ქალი ფეხბურთელების, როგორც დასაქმებულების, დედობის დაცვის უფლებაც.

აქედან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველმა 2021 წლის 21 დეკემბერს N13- 2/12161 რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას.

რეკომენდაციის ვრცელ განმარტებით ნაწილში, სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ არ არსებობს სათანადო რეგულაციები, რომლებიც ქალი ფეხბურთლების რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვისკენ ან დედობის უფლების რეალიზებისკენ იქნება მიმართული.

სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ჯანდაცვის უფლებების კავშირსა და გავლენაზე ქალების შრომით უფლებებთან და აღნიშნავს, რომ ქალი ფეხბურთელებისა და კაცი ფეხბურთელების არსებითი უთანასწორობის (რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და დედობის უფლებით სარგებლობის კრიტერიუმით) არასათანადოდ გათვალისწინებას აჩვენებს ერთი მხრივ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ არასაკმარისი რეგულაციების დაწესება და მეორე მხრივ, სადაზღვევო ბაზრის ანალიზი.

„ცხადია, რომ ქალი ფეხბურთელები რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და დედობის უფლებასთან მიმართებით არ არიან კაცებთან მიმართებით არსებითად თანასწორები, ამ დროს როგორც სფფ, ასევე სადაზღვევო კომპანიები (ძირითად შემთხვევებში) მათ თანასწორად ხედავს.“ - ვკითხულობთ რეკომენდაციის განმარტებით ნაწილში.

საერთაშორისო გამოცდილების მიმოხილვისას, სახალხო დამცველი აღნიშნავს ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) მიერ 2020 წელს დადასტურებული ახალი წესის შესახებ, რომელიც ორსულობის და მშობიარობის გამო შვებულებას სავალდებულოდ ანაზღაურებადს ხდის. ამავე ნაწილში განხილულია ფიფას “მოთამაშეების სტატუსისა და ტრანსფერის შესახებ რეგულაციების“ მე-4 თავიც, რომლის გარანტიების ჩამონათვალი ჯანდაცვისა და შრომის უფლებების დაცვის ისეთ ურთიერთდაკავშირებულ საკითხებს მოიცავს, როგორიცაა ორსულობისას კონტრაქტის მოქმედების ვადის რეგულირება, ორსულობის გამო გათავისუფლების შემთხვევაში კლუბის მიმართ სპორტული სანქციის გამოყენება, ორსულობის და მშობიარობის გამო შვებულებიდან დაბრუნებული ქალი ფეხბურთელის სამედიცინო და ფიზიკური თვალსაზრისით მხარდაჭერა და სხვა.

ქუთაისში ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციას, “იდენტობა იუს”-ს, ოთხი წლის წინ მიეცა შესაძლებლობა ახლოს გაცნობოდა ქალთა ფეხბურთში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს. ორგანიზაციის განმარტებით, “იმ რეალობაში, სადაც გენდერული დისკრიმინაცია და შრომითი უფლებების უხეში დარღვევა ნორმალიზებულია სხვადასხვა იდეოლოგიური მრწამსითა და მანკიერი პრაქტიკებით, რთული აღმოჩნდა ამ საკითხების პოლიტიზირება და დღის სინათლეზე გამოტანა. იქედან გამომდინარე, რომ ფეხბურთი კაცებით დომინირებული სივრცეა, ფეხბურთელი ქალებისთვის ხმის ამოღება და უსამართლობასთან დაპირისპირება მრავალ ბარიერთანაა დაკავშირებული. 

იმისთვის, რომ ქალთა ფეხბურთში არსებული პრობლემები აღმოიფხვრას, მნიშვნელოვანია პროფესიული სფეროს რეგულირება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ადგილობრივი რეკომენდაციების გათავლისწინებით და ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან კლუბების ადმინისტრაციული საქმიანობის მონიტორინგის მექანიზმების შემუშავება. ასევე, ფედერაციის მხრიდან ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის ხარისხის გაზრდა, იმისთვის, რომ ქალ ფეხბურთელებს ხელი მიუწვდებოდეთ  შრომითი უფლებებისა და ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე. 

თუმცა ერთობლივმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და იმედი გვაქვს, თანამშრომლობისა და კოორდინირებული მუშაობის პრაქტიკა, მრავალ პოზიტიურ ცვლილებას ჩაუყრის საფუძველს მომავალშიც.” 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 13 იანვარს, სფფ-მ სახალხო დამცველს წერილით უპასუხა, რომელშიც ფედერაცია აღნიშნავს, რომ მზადაა ლიცენზირებას დაქვემდებარებული გუნდების ექიმებისთვის დაგეგმილ ტრენინგებში გაითვალისწინოს ქალი ფეხბურთელების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები.

ამავე წერილში ფედერაცია აღნიშნავს, რომ მას ქალი ფეხბურთელების ორსულობისა და შემდგომი პერიოდისთვის ფიზიკური დატვირთვის თაობაზე შესაბამისი სახელმძღვანელოს (სტანდარტის) შემუშავებისთვის კომპეტენცია არ აქვს, რისთვისაც ის სახალხო დამცველს მიმართავს, უშუამდგომლოს შესაბამის ორგანიზაციებთან, რომლებიც სახელმძღვანელოს შემუშავებაში დაეხმარებიან.

WISG აგრძელებს ფეხბურთელი და ზოგადად სპორტსმენი ქალების მხარდაჭერას მათი ჯანმრთელობისა და შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით და მოუწოდებს ყველა სპორტსმენ ქალს მოგვამართოს კონსულტაციისა და სამართლებრივი მხარდაჭერისთვის. 

—--------------------------------------------------------------------------------------------------

სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ.