search close
picture განცხადება

ვაცხადებთ წინადადების მიღებას IV ფემინისტურ ფორუმში მონაწილეობისთვის - ტექნოლოგიის ფემინისტური წარმოსახვა (4-6 ივლისი, 2025)

2 მაისი 2025

ტექნოლოგიის ფემინისტური წარმოსახვა - რა არის შესაძლებელი ტექნო-სამეცნიერო კაპიტალიზმის ნაცვლად? - IV ფემინისტური ფორუმი

ვაცხადებთ მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღებას მეოთხე ფემინისტური ფორუმისთვის, რომელიც 2025 წლის 4-6 ივლისს გაიმართება.  


ფორუმის წლევანდელი გამოშვების ფოკუსში
ტექნოლოგიის და გენდერის ურთიერთმიმართების გამოკვლევაა, რომლის საშუალებითაც გვინდა, გლობალური ტექნოკრატიული ტენდენციებისა და ინფორმაციული სიჭარბის დროებაში, ფემინისტური ანალიზით შევხედოთ ადგილობრივ გამოცდილებებს და შესაძლებლობებს, იმგვარი მომავლის წარმოსადგენად, სადაც “ტექნოლოგიური განვითარება” ნიშნავს თანასწორი და უსაფრთხო გარემოს შექმნაში კოლექტიურ მონაწილეობას. 

წლევანდელი ფორუმის ფარგლებში, გვსურს, სივრცე უფრო ფართოდ გავხსნათ და აღმოვაჩინოთ ის ადამიანები, კოლექტივები, თუ ინიციატივები, რომლებიც კრიტიკული და შემოქმედებითი მზერით აკვირდებიან, იკვლევენ, ქმნიან და მოიცავენ ჩვენს რეალობაში შეზრდილ ტექნოლოგიებს.   

ფორუმზე საშუალება გექნებათ პრეზენტაციის ან სხვა ფორმით წარმოადგინოთ სხვადასხვა მეთოდითა და კომპეტენციით შექმნილი - აკადემიური, ფიქციური თუ ექსპერიმენტული, სამეცნიერო, სახელოვნებო, თუ სამოყვარულო - ნაშრომი/ნამუშევარი, რომელიც ეხმიანება ფორუმის სათაურს და იკვლევს, ფიქრობს, აკვირდება, აანალიზებს, წარმოისახავს, გამოსახავს, ოცნებობს, მღერის, უკრავს, თუ ცეკვავს შემდეგი (ან მომიჯნავე) საკითხების გარშემო:

  • ტექნოლოგია და გენდერი: ტექნოლოგიის გაიგივება მასკულინიზებულ/მილიტარიზებულ სფეროებთან; ქალთა და მარგინალიზებული ჯგუფების ტექნოლოგიური პრაქტიკის, გამოცდილების და საჭიროების დავიწყება/უგულებელყოფა;
  • ინფორმაცია, როგორც ახალი კაპიტალი, გასაყიდი პროდუქტი და ბრძოლის იარაღი: ვინ ქმნის, ფლობს, აკონტროლებს და ყიდის ინფორმაციას დღეს? გენდერული დეზინფორმაცია, კიბერ ბულინგი, სიახლის წარმოება და ცრუ ინფორმაცია (fake news) თანამედროვე მედიაში, "დიდი მონაცემებით" (big data)  და პერსონალური მონაცემებით ვაჭრობა და მანიპულირება სოციო-პოლიტიკურ პროცესებსა და გაყიდვებზე გავლენის მოხდენის მიზნით - ამ პროცესების გენდერული, რასობრივი, კლასობრივი და ეკოლოგიური ასპექტები.
  • ციფრული სამყარო, ავატარი, გენდერი და სექსუალობა: ონლაინ სივრცეში სუბიექტის და იდენტობის ფორმირების პირადი და სათემო გამოცდილებები; როგორ მოვიხმართ, ვითვისებთ და ვმონაწილეობთ ინტერნეტ ეკოსისტემის შექმნაში? როგორია მასში ოპერირების გამოცდილება სხვადასხვა გენდერის, სექსუალობის, კლასობრივი, რასობრივი/ეთნიკური, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიის, თუ ასაკის/თაობის ჭრილში?

  • ტექნოსხეული: ცხოველი - ადამიანი - კიბორგი, ბუნებრივი-ხელოვნური: სხეულის მოდიფიკაციის ტექნოლოგიები და გაფართოებული სხეულებრივი პოტენციალი, მოშლილი ან/და გამოგონილი საზღვრები ადამიანურ და არა-ადამიანურ სხეულებს შორის, ბუნებრივსა და ხელოვნურს შორის, გენდერის და სექსუალობის ტექნოლოგიური დე/რე/კონსტრუქცია, ტექნოლოგია და ეკოლოგია.

  • ციფრული ფინანსური ტექნოლოგიები: ბლოკჩეინი, მაინინგი, ფინანსური პირამიდა, ქოლცენტრები - მათი გავლენა სოციალური ურთიერთობების გენდერირებულ, რასობრივ, კლასობრივ შრეებსა და ეკოლოგიაზე.

  • კონტროლის და წინააღმდეგობის მექანიზმები თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში: თვალთვალი, სახის ამომცნობი სისტემები და მათი მიმართება გენდერულად, რასობრივად, კლასობრივად, შეზღუდული შესაძლებლობით თუ სხვაგვარად მონიშნულ სხეულებთან, ხილვადობა და უხილაობა, ანონიმურობა და ავთენტურობა ციფრულ სივრცეში.

  • ხელოვნური ინტელექტი და ავტომატიზება: სოციალ-პოლიტიკური, ეპისტემოლოგიური, ეთიკური, ლეგალური თუ ტექნიკური განზომილებები; შესაძლებელია ფემინისტური ხელოვნური ინტელექტი?

  • ციფრული სამყაროს აფექტური ეკონომია:  როგორ ყალიბდება და იცვლება ჩვენი განცდითი ლანდშაფტი ციფრულ სამყაროში; ემოციების ღირებულება და გაუფასურება; ინფორმაციული და სტიმულაციური სიჭარბე, გამოფიტვა.  

  • ღია და საზიარო ციფრული რესურსები და მათი მნიშვნელობა: საინფორმაციო ტექნოლოგიების და სხვა ონლაინ ინფრასტრუქტურების ჰორიზონტალური გარდაქმნა და დეცენტერალიზების პრაქტიკა. 

  • სასიკეთო ტექნოლოგია: წარმოისახე, როგორია საერთო სიკეთის მომტანი, სათემო მონაწილეობით შექმნილი, ჰორიზონტალურად მართული ტექნოლოგია და მისი გავლენა ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე.

ფორუმის ინტერდისციპლინური ხასიათიდან და მისი წლევანდელი თემატიკიდან გამომდინარე, რომლის გარშემოც ადგილობრივი ფემინისტური დისკურსი ნაკლებად არსებობს, გვინდა გამოვიყენოთ შესაძლებლობა და თავი მოვუყაროთ ჩვენს ირგვლივ არსებულ გამოცდილებას და დაკვირვებებს, რომლებიც ტექნოლოგიაზე კრიტიკული და ფემინისტური წარმოსახვის გაძლიერებაში დაგვეხმარება.

ამდენად, ფორუმის ფარგლებში, ვიწვევთ დამოუკიდებელ არტისტებს, მკვლევარებს, ავტორებსა და კოლექტივებს საკუთარი შემოქმედების გასაზიარებლად. 

ნამუშევრის/ნაშრომის გაზიარება შეგეძლებათ:

სხვადასხვა ფორმით - პრეზენტაცია, მოხსენება, ლექცია, სემინარი, ვორქშოფი, დებატი, დისკუსია.

სხვადასხვა მედიუმში - ტექსტი, ნახატი, ილუსტრაცია, ზინი, ვიდეო, ფილმი, ანიმაცია, აუდიო/რადიო/მუსიკალური ნამუშევარი, პოდკასტი, პერფორმანსი, ცეკვა, ინსტალაცია,  ვებსაიტი, ვებ-რესურსი, აპლიკაცია, თამაში (ან სხვა). 

შეგიძლიათ გამოგზავნოთ როგორც უკვე მზა ნაშრომის, სახელოვნებო ნამუშევრის, ან სახელოსნოს შესახებ ინფორმაცია, ისე დამუშავების პროცესში მყოფი იდეა - ამ შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ მოხსენების აბსტრაქტი, ნამუშევრის აღწერა, ან სახელოსნოს აღწერა. დედლაინი: 18 მაისი

მივიღებთ და შეძლებისდაგვარად ვუპასუხებთ თქვენს კითხვებს, რომლებიც იდეის ჩამოყალიბებასა და დამუშავებაში დაგეხმარებათ. მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: media@wisg.org

წინადადებების გამოსაგზავნად გთხოვთ შეავსოთ გუგლის ფორმა:
https://forms.gle/SNGQHkS43yuPYKbZA


შერჩეული ნაშრომების, ნამუშევრების და სახელოსნოებისთვის განსაზღვრულია ჰონორარული ანაზღაურება.


ფორუმის შესახებ

ფემინისტური ფორუმი ინტერდისციპლინური ქსელის შექმნის ინიციატივაა, რომელიც 2022 წლიდან სოციალურ თეორიასა და პრაქტიკაზე ფემინისტური რეფლექსიისთვის ერთმანეთთან აკავშირებს მკვლევრებს, აქტივისტებს, სტუდენტებს, სათემო და სახელოვნებო ორგანიზაციების, ფორმალური და არაფორმალური კოლექტივების წევრებს. ფემინისტური ფორუმის მიზანია, ცოდნის, გამოცდილებისა და იდეების გაზიარების, მსჯელობისა და კრიტიკული ანალიზის გზით, ინტერსექციური და სოლიდარობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის ხელშეწყობა.