ტექნოლოგიის ფემინისტური წარმოსახვა -
რა არის შესაძლებელი ტექნო-სამეცნიერო კაპიტალიზმის ნაცვლად? - IV ფემინისტური ფორუმი
ვაცხადებთ მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღებას მეოთხე ფემინისტური ფორუმისთვის, რომელიც 2025 წლის 4-6 ივლისს გაიმართება.
ფორუმის წლევანდელი გამოშვების ფოკუსში ტექნოლოგიის და გენდერის ურთიერთმიმართების გამოკვლევაა, რომლის საშუალებითაც გვინდა, გლობალური ტექნოკრატიული ტენდენციებისა და ინფორმაციული სიჭარბის დროებაში, ფემინისტური ანალიზით შევხედოთ ადგილობრივ გამოცდილებებს და შესაძლებლობებს, იმგვარი მომავლის წარმოსადგენად, სადაც “ტექნოლოგიური განვითარება” ნიშნავს თანასწორი და უსაფრთხო გარემოს შექმნაში კოლექტიურ მონაწილეობას.
წლევანდელი ფორუმის ფარგლებში, გვსურს, სივრცე უფრო ფართოდ გავხსნათ და აღმოვაჩინოთ ის ადამიანები, კოლექტივები, თუ ინიციატივები, რომლებიც კრიტიკული და შემოქმედებითი მზერით აკვირდებიან, იკვლევენ, ქმნიან და მოიცავენ ჩვენს რეალობაში შეზრდილ ტექნოლოგიებს.
ფორუმზე საშუალება გექნებათ პრეზენტაციის ან სხვა ფორმით წარმოადგინოთ სხვადასხვა მეთოდითა და კომპეტენციით შექმნილი - აკადემიური, ფიქციური თუ ექსპერიმენტული, სამეცნიერო, სახელოვნებო, თუ სამოყვარულო - ნაშრომი/ნამუშევარი, რომელიც ეხმიანება ფორუმის სათაურს და იკვლევს, ფიქრობს, აკვირდება, აანალიზებს, წარმოისახავს, გამოსახავს, ოცნებობს, მღერის, უკრავს, თუ ცეკვავს შემდეგი საკითხების გარშემო:
ტექნოლოგია და გენდერი: ფემინისტური თეორეტიზება, ფილოსოფია, ლიტერატურა, ხელოვნება.
ინფორმაცია, როგორც ახალი კაპიტალი, გასაყიდი პროდუქტი და ბრძოლის იარაღი: ვინ ქმნის, ფლობს, აკონტროლებს და ყიდის ინფორმაციას დღეს? გენდერული დეზინფორმაცია, კიბერ ბულინგი, სიახლის წარმოება და ცრუ ინფორმაცია (fake news) თანამედროვე მედიაში, “დიდი მონაცემებით” (big data) და პერსონალური მონაცემებით ვაჭრობა და მანიპულირება სოციო-პოლიტიკურ პროცესებსა და გაყიდვებზე გავლენის მოხდენის მიზნით - ამ პროცესების გენდერული, რასობრივი, კლასობრივი და ეკოლოგიური ასპექტები.
ციფრული სამყარო, ავატარი, გენდერი და სექსუალობა: სუბიქტის ფორმირება ონლაინ სივრცეში, პირადი და სათემო გამოცდილებები. როგორ მოვიხმართ, ვითვისებთ და ვმონაწილეობთ ინტერნეტ ეკოსისტემის შექმნაში? როგორია მასში ოპერირების გამოცდილება სხვადასხვა გენდერის, სექსუალობის, კლასობრივი, რასობრივი/ეთნიკური, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიის, თუ ასაკის/თაობის ჭრილში?
ტექნოსხეული: ცხოველი - ადამიანი - კიბორგი, ბუნებრივი-ხელოვნური: სხეულის მოდიფიკაციის ტექნოლოგიები და გაფართოებული სხეულებრივი პოტენციალი, მოშლილი ან/და გამოგონილი საზღვრები ადამიანურ და არა-ადამიანურ სხეულებს შორის, ბუნებრივსა და ხელოვნურს შორის, გენდერის და სექსუალობის ტექნოლოგიური დე/რე/კონსტრუქცია.
ციფრული ფინანსური ტექნოლოგიები: ბლოკჩეინი, მაინინგი, ფინანსური პირამიდა, ქოლცენტრები - მათი გავლენა სოციალური ურთიერთობების გენდერირებულ, რასობრივ, კლასობრივ შრეებსა და ეკოლოგიაზე.
კონტროლის და წინააღმდეგობის მექანიზმები თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში: თვალთვალი, სახის ამომცნობი სისტემები და მათი მიმართება გენდერულად, რასობრივად, კლასობრივად, შეზღუდული შესაძლებლობით თუ სხვაგვარად მონიშნულ სხეულებზე, ხილვადობა და უხილაობა, ანონიმურობა და ავთენტურობა ციფრულ სივრცეში.
ხელოვნური ინტელექტი და ავტომატიზება: “ნეიტრალური” ხელსაწყოს მიკერძოებული გამოთვლები - მოსალოდნელიდან შესაძლებლამდე.
ციფრული სამყაროს აფექტური ეკონომია: როგორ ყალიბდება და იცვლება ჩვენი განცდითი ლანდშაფტი ციფრულ სამყაროში; ემოციების ღირებულება და გაუფასურება; ინფორმაციული და სტიმულაციური სიჭარბე, გამოფიტვა.
ღია და საზიარო ციფრული რესურსები და მათი მნიშვნელობა: საინფორმაციო ტექნოლოგიების და სხვა ონლაინ ინფრასტრუქტურების ჰორიზონტალური გარდაქმნა და დეცენტერალიზების პრაქტიკა.
სასიკეთო ტექნოლოგია: წარმოისახე, როგორია საერთო სიკეთის მომტანი, სათემო მონაწილეობით შექმნილი, ჰორიზონტალურად მართული ტექნოლოგია და მისი გავლენა ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე.
შეგიძლიათ გაგვიზიაროთ - კვლევის შედეგი, მონაცემთა და ტენდენციის ანალიზი, მაგრამ ასევე, პირადი დაკვირვება, გამოცდილება და ემოცია (ან ყველაფერი ერთად).
სხვადასხვა ფორმით - პრეზენტაცია, მოხსენება, ლექცია, სემინარი, ვორქშოფი, დებატი, დისკუსია.
სხვადასხვა მედიუმში - ტექსტი, ნახატი, ილუსტრაცია, ზინი, ვიდეო, ფილმი, ანიმაცია, აუდიო/რადიო/მუსიკალური ნამუშევარი, პოდკასტი, პერფორმანსი, ცეკვა, ინსტალაცია, ვებსაიტი, ვებ-რესურსი, აპლიკაცია, თამაში (ან სხვა).
შეგიძლიათ გამოგზავნოთ როგორც უკვე მზა ნაშრომის, სახელოვნებო ნამუშევრის, ან სახელოსნოს შესახებ ინფორმაცია, ისე დამუშავების პროცესში მყოფი იდეა - ამ შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ მოხსენების აბსტრაქტი, ნამუშევრის აღწერა, ან სახელოსნოს აღწერა. დედლაინი: 18 მაისი
მივიღებთ და შეძლებისდაგვარად ვუპასუხებთ თქვენს კითხვებს, რომლებიც იდეის ჩამოყალიბებასა და დამუშავებაში დაგეხმარებათ. მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: media@wisg.org
წინადადებების გამოსაგზავნად გთხოვთ შეავსოთ გუგლის ფორმა:
https://forms.gle/SNGQHkS43yuPYKbZA
შერჩეული ნაშრომების, ნამუშევრების და სახელოსნოებისთვის განსაზღვრულია ჰონორარული ანაზღაურება.
ფორუმის შესახებ
ფემინისტური ფორუმი ინტერდისციპლინური ქსელის შექმნის ინიციატივაა, რომელიც 2022 წლიდან სოციალურ თეორიასა და პრაქტიკაზე ფემინისტური რეფლექსიისთვის ერთმანეთთან აკავშირებს მკვლევრებს, აქტივისტებს, სტუდენტებს, სათემო და სახელოვნებო ორგანიზაციების, ფორმალური და არაფორმალური კოლექტივების წევრებს. ფემინისტური ფორუმის მიზანია, ცოდნის, გამოცდილებისა და იდეების გაზიარების, მსჯელობისა და კრიტიკული ანალიზის გზით, ინტერსექციური და სოლიდარობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის ხელშეწყობა.