ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი წარმოგიდგენთ ახალ პროექტს „გენდერისა და სექსუალობის საკითხების ადვოკატირება ციფრულ და აკადემიურ სივრცეებში“.
პროექტის ფარგლებში, მიზნად ვისახავთ, ეთიკური პრაქტიკისა და კვლევის ხელშეწყობის გზით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში გენდერული იდენტობის/სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციისა და ე.წ. „გამასწორებელი თერაპიის“[1] პრაქტიკის პრობლემატიზებას და ლგბტქი+ აფირმაციული მიდგომების დამკვიდრებას.[2]
ამისათვის, ქართულ ენაზე ვთარგმნით, როგორც გენდერისა და სექსუალობის შესახებ აკადემიურ ფსიქოლოგიურ ლიტერატურას, ისე ფსიქოლოგიური საქმიანობის სახელმძღვანელო პრინციპებს/გზამკვლევებს, რომლებსაც წარვუდგენთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე სპეციალისტებსა და ფსიქოლოგიის მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტებს, დედაქალაქში და რეგიონებში.
დასაწყისისთვის, ვთარგმნეთ ამერიკისა და ბრიტანეთის ფსიქოლოგიური ასოციაციების (American Psychological Association და British Psychological Society) მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპები ფსიქოლოგებისთვის (მთარგმნელი მედეა რუსიშვილი). ქართულად ითარგმნა ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის როგორც შედარებით ძველი (2012), ასევე გადასინჯული და მიმდინარე წელს გამოქვეყნებული სახელმძღვანელოები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებთან გზამკვლევების განხილვისას, თვალი მივადევნოთ გენდერისა და სექსუალობის შესახებ კვლევების ზრდის, საერთაშორისო ცოდნის გაღრმავებისა და თანმდევი სამართლებრივი თუ პოლიტიკური ცვლილებების უმნიშვნელოვანეს პროცესს, ფსიქოლოგიურ პრაქტიკაში დისკრიმინაციისგან თავისუფალი, ეთიკური, აფირმაციული მიდგომების დამკვიდრების პარალელურად.
ასევე, გამოსარჩევია, სხვადასხვა სახელმძღვანელოში ტერმინოლოგიურ ცვლილებებსა და სხვაობებზე დაკვირვება, რომელთა შესახებ მსჯელობის კარგ საშუალებას ამერიკული და ბრიტანული სახელმძღვანელოების შედარება გვაძლევს. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის მიერ შემუშავებული უკანასკნელი გზამკვლევისგან განსხვავებით, ბრიტანეთის ფსიქოლოგიური საზოგადოება აღარ იყენებს ტერმინს „სექსუალური უმცირესობა“ და ამას შემდეგნაირად განმარტავს:
“სახელმძღვანელო პრინციპების წინამდებარე, მეორე გამოცემაში ჩვენ არ გამოგვიყენებია ტერმინი „უმცირესობა“. გსუმ ადამიანები (გენდერულად, სექსუალურად და ურთიერთობების მრავალფეროვანი პრაქტიკის მქონე ადამიანები; GSRD people;) შესაძლოა რაოდენობრივად არ წარმოადგენდნენ უმცირესობას, მაგრამ განიცდიდნენ იდენტობასთან ან ურთიერთობის პრაქტიკასთან დაკავშირებულ სირთულეებს და საჭიროებდნენ ფსიქოლოგის დახმარებას. ერთ-ერთი მთავარი სფერო, სადაც ამგვარი დახმარება მიზანშეწონილი იქნებოდა, გსუმ იდენტობის ან ურთიერთობის პრაქტიკის საფუძველზე მარგინალიზაციაა.”
მიმდინარე თვეში, ზემოხსენებულ სახელმძღვანელო პრინციპებს WISG-თან მომუშავე ფსიქოლოგები, სამი უნივერსიტეტის (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი) ფსიქოლოგიის ფაკულტეტების სტუდენტებთან წარადგენენ, ვორქშოფების ციკლის “ლგბტქი კლიენტების კონსულტირების პრინციპები” ფარგლებში.
გზამკვლევები ქართულ ენაზე იხილეთ WISG-ს ვებგვერდზე:
სახელმძღვანელო პრინციპები სექსუალური უმცირესობის პირებთან ფსიქოლოგიური პრაქტიკისათვის
ლესბოსელ, გეი და ბისექსუალ კლიენტებთან ფსიქოლოგიური საქმიანობის სახელმძღვანელო პრინციპები
------------
[1] კონვერსიული (გამასწორებელი) თერაპიები გულისხმობს ისეთ პრაქტიკას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლას. კონვერსიული პრაქტიკა საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ამასთანავე არსებითად დისკრიმინაციულია, რადგან აძლიერებს თვითსიძულვილსა და საკუთარი თავის მიუღებლობას.
[2] გაეროს კომიტეტმა წამების წინააღმდეგ გამოსცა ანგარიში (2015), რომელშიც აღნიშნულია, რომ კონვერსიული თერაპიები უთანაბრდება ადამიანის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას. კომიტეტი მხარს უჭერს აღნიშნული პრაქტიკების აკრძალვას. ზოგიერთ ქვეყანაში, საკანონმდებლო დონეზე აიკრძალა კონვერსიული თერაპიების გამოყენება, რიგ ქვეყნებში კვლავ გრძელდება ამგვარი მიდგომები, ხოლო, რიგ ქვეყნებში ეს პრობლემა უხილავია, მათ შორის, საქართველოში (იხილეთ ამ თემაზე მეტი: https://irct.org/media-and-resources/latest-news/article/1027).