ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი მიესალმება სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ გამოთქმულ მზადყოფნას, დაასაქმოს ქალი ექსპერტები რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტებში და თანამშრომლებისთვის ჩაატაროს ტრენინგები სექსუალური ძალადობის მსხვერპლებთან სათანადო კომუნიკაციის ფსიქოლოგიური ასპექტების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ WISG-მა სახალხო დამცველს გასული წლის 5 აგვისტოს მიმართა, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალის ინტერესების დაცვის მიზნით, სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით. საქმის აპლიკანტი აღნიშნავდა, რომ მას ექსპერტიზა ჩაუტარა მამრობითი სქესის ექსპერტებმა და მათი მხრიდან სექსუალური შევიწროების დაუხეში დამოკიდებულების მსხვერპლი გახდა.[1]
სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ინსპექტირების დეპარტამენტმა ბიუროში დისციპლინური წარმოება დაიწყო. წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად, ექსპერტთა მხრიდან სექსუალური ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა, თუმცა გამოირკვა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რეგიონულ დეპარტამენტებში, დასაქმებულ ექსპერტთა შორის, ქალი ექსპერტების სიმცირე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ეს განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა რეგიონების მასშტაბით, სადაც დასაქმებული 19 ექსპერტიდან მხოლოდ 1 ქალია, ხოლო ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტში დასაქმებული არ არის ერთი ქალი ექსპერტიც კი, რომელიც ქალებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევაში უფლებამოსილი იქნებოდა ჩაატაროს შესაბამისი საექსპერტო გამოკვლევა.
აპლიკანტის საქმეში, რომლის ინტერესებს სახალხო დამცველთან WISG იცავდა, ომბუდსმენმა სქესის ნიშნით ირიბი დისკრიმინაცია დაადგინა, რამდენადაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალს ექსპერტიზა ორჯერ ჩაუტარდა სამხარაულის ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტში მამაკაცი ექსპერტების მიერ, სწორედ იმიტომ, რომ დეპარტამენტში დასაქმებული არ იყვნენ ქალი ექსპერტები.
ომბუდსმენმა საქმესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაში ბიუროს მიმართ გამოსცა რეკომენდაცია რეგიონებში ქალი ექსპერტების დასაქმების შესახებ და აღნიშნა, რომ:
„სექსუალური ძალადობის მსხვერპლის თუნდაც არაპირდაპირ იძულება, შეამოწმოს სხვა სქესის ექსპერტმა, არის გენდერულად არამგრძნობიარე მიდგომა და გასათვალისწინებელია, რომ სექსუალური ძალადობაგამოვლილი ქალების უმრავლესობისათვის არ იქნება სასურველი. სწორედ ტრავმულ გამოცდილებაზე საუბრობდა განმცხადებელი თავის წერილობით ახსნა-განმარტებაში და ხაზს უსვამდა მისი ემოციური მდგომარეობის სიმძიმეს.“[2]
ამასთან, სახალხო დამცველმა სამხარაულის ეროვნულ ბიუროს მოუწოდა, რათა უზრუნველეყო თანამშრომლებისთვის, რომელთაც ევალებათ სექსუალური ძალადობის შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარება, სექსუალური ძალადობის მსხვერპლთან კომუნიკაციის ფსიქოლოგიურ ასპექტებზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება.
ომბუდსმენის ოფისის დღევანდელი ცნობით, სამხარაულის ბიურომ გამოთქვა მზადყოფნა „შეასრულოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის თანასწორი და ღირსეული გარემოს შექმნის მიზნით, რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტებში ქალი ექსპერტები დაასაქმოს. ასევე, თბილისის და რეგიონული ოფისების თანამშრომლებისთვის ჩაატაროს ტრენინგები სექსუალური ძალადობის მსხვერპლებთან სათანადო კომუნიკაციის ფსიქოლოგიური ასპექტების შესახებ.“
თავის მხრივ, სახალხო დამცველი გამოთქვამს მზაობას, უზრუნველყოს ბიუროს თანამშრომლებისათვის ტრენინგების ჩატარება და იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო თუ კერძო უწყებების მხრიდან ამგვარი თანამშრომლობის მაგალითები მომავალშიც ხშირი იქნება.
ქეთი ბახტაძე, WISG-ის იურისტი და ძალადობის მსხვერპლი ქალის წარმომადგენელი სახალხო დამცველთან წარმოებულ საქმეში, აღნიშნავს:
“ეს საქმე არის ილუსტრაცია უმწვავესი სისტემური პრობლემისა, რომელიც დამატებით ბარიერად იქცეოდა ხოლმე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის სამართალდამცავი უწყებებისთვის მიმართვის დროს. სახალხო დამცველთან ერთად, WISG გამოთქვამს მზაობას ბიუროსთან თანამშრომლების მიმართულებით. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა მოგვეცემა. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მარწმუნებელს, რომელიც ანონიმურად დარჩენას ამჯობინებს გაუპატიურების მსხვერპლი ქალების მიმართ ქვეყანაში არსებული სტიგმის გამო, რომელიც ჯერ კიდევ დაუძლეველ ბარიერად რჩება.“
სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ.
[1] "WISG-ის საქმის განხილვის შედეგად, სახალხო დამცველმა სამხარაულის ბიუროს რეგიონში ქალი ექსპერტების დასაქმებისკენ მოუწოდა"
[2] "სახალხო დამცველის რეკომენდაციით სამხარაულის ეროვნული ბიუროს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტებში ქალ ექსპერტებს დაასაქმებენ"