მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში შემცირდა სხვაობა სექსუალური ქცევის სტანდარტებს შორის, რომელსაც კულტურა ქალს და მამაკაცს უწესებს (სქესობრივი ცხოვრების დაწყების სხვადასხვა ასაკი, ქორწინებამდელი სექსი, ადიულტერი და სხვ.), ქართული კულტურა დღემდე რჩება ღრმად
პატრიარქალურ კულტურად, სადაც ქალის სექსუალობა შემოსაზღვრულია რეპროდუქციის ფუნქციით და განიხილება მხოლოდ ოჯახის და ქორწინების ფარგლებში. სექსუალურ ურთიერთობებში თითქმის მთლიანად იგნორირებულია ქალის სურვილი ან სიამოვნება და ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებამდე ან „ოჯახის, მეუღლის, სამშობლოს“ წინაშე მოვალეობამდეა დაყვანილი.
როგორ აისახება ქართველი ქალის/დედის ასექსუალური ხატი საზოგადოების განწყობებზე ლესბოსელების მიმართ? რა გავლენა აქვს ამ პროცესებზე რელიგიის როლის ზრდას ნაციონალისტურ დისკურსში? ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ გელით პარასკევს, 10 მარტს, საღამოს 19:00 საათზე, გენერატორ 9.8-ში, სადაც მკვლევარი გენდერის საკითხებში - ეკატერინე აღდგომელაშვილი “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)”-ის 8 მარტისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ისაუბრებს 2016 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებზე, რომელიც აღწერს საზოგადოების დამოკიდებულებას ლგბტ ადამიანების მიმართ.