search close
ხედვა

WISG-ის ფემინისტურ კოლექტივს არსებობის 20 წლის მანძილზე ორგანიზაციის ზრდისა და განვითარების ყოველ მომდევნო ეტაპზე განსხვავებულ გამოწვევებთან გვიწევს გამკლავება. ერთერთ მუდმივ გამოწვევად, როგორც ორგანიზაციულ, ისე საზოგადოებრივ დონეზე, ვხედავთ უსაფრთხო ფემინისტური სივრცის შექმნის საკითხს.

ვფიქრობთ, რომ ამ საერთო მიზნისთვის, ქალთა და ქვიარ ორგანიზაციებში მნიშვნელოვანია არსებული მართვის მოდელების გადააზრება ფემინისტური პერსპექტივიდან, რათა ჰორიზონტალური, თანაგაზიარებული და ურთიერთზრუნვაზე დაფუძნებული მიდგომა იქცეს ორგანიზაციული კულტურის განუყოფელ ნაწილად.

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფს“ როგორც ფემინისტურ კოლექტივს,   ქვემოთ მოყვანილი დოკუმენტით გვსურს წარმოვაჩინოთ კოლექტიური ზრუნვის, როგორც ღირებულების, აღიარებისა და ორგანიზაციულ ცხოვრებაში მისი დანერგვის მნიშვნელობა.

 

დოკუმენტზე მუშაობა ჩვენი გუნდისთვის თერაპიული და ტრანსფორმაციული იყო.  ქმედითი კვლევის მეთოდის გამოყენებამ მოგვცა სივრცე ჰორიზოტალური, შემოქმედებითი, კრიტიკული და ინტუიტიური მსჯელობებით გაჯერებული პროცესის წარსამართად, სადაც ორგანიზაციის წევრები, ერთი წლის განმავლობაში, სხვადასხვა შემადგენლობით ვერთვებოდით და განვიხილავდით ინდივიდუალურ და კოლექტიურ ხედვებსა და წუხილებს.

დოკუმენტი ამავდროულად ჩვენი მოკრძალებული მცდელობაა, ენაში არსებული იერარქიული ტერმინების კრიტიკული გააზრებისა. იმის მიუხედავად, რომ ვაცნობიერებთ ამ მხრივ ჩვენი მცდელობის ლიმიტებს, მნიშვნელოვანი გვგონია, ენაში ძალაუფლების დეკონსტრუქცია ჩვენი ფიქრის მუდმივი საგანი იყოს.

 

კოლექტიურ ზრუნვაზე ორიენტირებული დაგეგვმის დოკუმენტის ფორმატი არ არის სტანდარტიზებული, მანიფესტური ხასიათისაა, სადაც დეკლარირებულია WISG-ის მიერ თანაგაზიარებული ფემინისტური და ეკოცენტრული პრინციპები, ორგანიზაციულ გამოცდილებას ეფუძნება და მისი მუშაობის ფორმატზეა მორგებული. თუმცა იმედი გვაქვს, ის შთაგონების მიმცემი იქნება, როგორც ფემინისტური და ქვიარ ორგანიზაციებისა და კოლექტივებისთვის, ასევე სხვადასხვა ფორმალური და არაფორმალური გაერთიანებებითვის, რომელთა სურვილია ზრუნვის, როგორც შრომის სახელდება და აღიარება საკუთარ სტრუქტურაში.

 

WISG 2020


კოლექტიურ ზრუნვაზე ორიენტირებული დაგეგმვა


  1. საჭიროება

ჩვენ, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, ვთანხმდებით რომ კოლექტიური ზრუნვა არის ფემინისტური ღირებულება და მნიშვნელოვანია ორგანიზაციულ ცხოვრებაში მისი ასახვა.

ორგანიზაციულ ცხოვრებაში ფორმალური შრომით-სახელშეკრულებო ურთიერთობების გარდა ვგულისხმობთ კოლექტივში ურთიერთ მხარდამჭერ კავშირს. ამ თვალსაზრისით, პირადი ძალისხმევა და საქმეში შეტანილი წვლილი საერთო ქმედების ნაწილია. ამიტომ თითოეული ჩვენგანის დრო, ენერგია და ემოცია საერთო მიზნისთვის და ერთმანეთის სიკეთისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი და თანაწონადი რესურსია.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), როგორც ნდობაზე დაფუძნებული ფემინისტური სივრცე, ერთი მხრივ ხედავს ზრუნვის როგორც შრომის აღიარების საჭიროებას, და მეორე მხრივ, გუნდის წევრებს და თანამონაწილეებს შორის ამ შრომის სამართლიანი განაწილების აუცილებლობას.

აქვე განვმარტავთ, ზრუნვას ვხედავთ როგორც სოლიდარობის, ერთმანეთის ხელშეწყობის, სწავლების მრავალგანზომილებიან პროცესს, რომელშიც შესაძლებელი ხდება საერთო წუხილის შესახებ კოლექტიური და პირისპირ მსჯელობა, და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.

აქედან გამომდინარე, ეგოცენტრულიდან ეკოცენტრულ ცნობიერებაზე გადასვლისთვის შემოგვაქვს კოლექტიური ზრუნვა, როგორც ფემინისტური პრინციპი, პიროვნული ტრანსფორმაციის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშესაწყობად.

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი კოლექტიური ზრუნვის პრინციპს მიმართავს ინდივიდუალურორგანიზაციულ და სათემო დონეებზე შემდეგ სივრცეებსა და საქმიანობებში:

  1. საერთო ფიზიკური და ვირტუალური სივრცე: ყველა სამოქმედო სივრცეში კოლექტიური ზრუნვის პრინციპების დაცვა.
  2. საპროექტო საქმიანობა: პროექტების დაგეგმვისას და განხორციელებისას ორგანიზაციის ყველა რგოლის კეთილდღეობის და დაცულობის პრინციპების გათვალისწინება.
  3. თანამონაწილეებთან ურთიერთობა: ორგანიზაციის რესურსებით მოსარგებლეების ჩართვა კოლექტიური ზრუნვის სივრცეში.
  4. გარემოზე ზემოქმედება: ეკოცნობიერების პრინციპების შემოტანა საერთო ზრუნვის სივრცეში.


მიზანი

ორგანიზაციის მისიის მისაღწევად ფემინისტური სოლიდარობის და თანაქმედების უზრუნველყოფა კოლექტიურ ზრუნვაზე ორიენტირებული დაგეგმვის გზით.

 

  1. შეთანხმებები კოლექტიურ ზრუნვაზე ორიენტირებული დაგეგმვისთვის

 

A. საერთო ფიზიკური და ვირტუალური სივრცეები:

A.1  ინდივიდუალური დონე:

§  ერთმანეთის საჭიროებების, მყუდროების და ინტერესების გათვალისწინება და ფიზიკურ სივრცეზე პასუხისმგებლობის განაწილება.

§  გუნდის წევრებს შორის საერთო რესურსების თანაბარი განაწილებისთვის პირადი პასუხისმგებლობის გაცნობიერება და შესაბამისი თვითრეგულაცია.

§  გუნდის წევრების მხრიდან ერთმანეთის პროფესიული და პირადი საზღვრების გაფრთხილება.

§ ფორმალურ თუ არაფორმალურ გარემოში, გარე და ონლაინ სივრცეებში, თემის წევრების და ერთმანეთის უსაფრთხოების, ინტერესების და საჭიროებების გაცნობიერება, პასუხისმგებლობის გაზიარება, შეთანხმებული მხარდაჭერა და აქტიური სოლიდარობა.

 

A.2   ორგანიზაციული დონე:

                  §  სხეულის საჭიროებების შესაბამისი საოფისე გარემო: ავეჯი, სანიტარული პირობები, თვითმოვლის და მოსვენების                                                        შესაძლებლობა, ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება, სივრცის რაციონალური განაწილება.

§  ბავშვის მიმართ მეგობრული გარემო: სანიტარული პირობების უზრუნველყოფა, ბავშვის საჭიროებების გათვალისწინება ოფისში
და ოფისის გარეთ აქტივობების დაგეგმვისას.

§  გარე და შიდა საქმიანობის დაგეგმვისას თემის მგრძნობელობის გათვალისწინებით უსაფრთხო სივრცის უზრუნველყოფა.

§  პირველადი დახმარების უნარებით და შესაძლებლობებით გუნდის და ოფისის უზრუნველყოფა.

 

A.3 სათემო დონე:

§ ოფისში თანამონაწილეებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა: შეხვედრებისა და კონსულტაციებისთვის კეთილგანწყობილი სივრცის ორგანიზება; ამ სივრცის მოწყობა და მასპინძლობა.

§  ურთიერთპატივისცემის პრინციპით ხელმძღვანელობა თანამონაწილეებსა და გუნდის წევრებს შორის ურთიერთობებში.

 

B. საპროექტო საქმიანობა:

B.1   ინდივიდუალური დონე:

§  საპროექტო საქმიანობაში საჭიროებისამებრ და შესაძლებლობის ფარგლებში ურთიერთ შეხიდება.

§  პროექტის დაგეგმვისას თანამშრომლებს შორის იდეების, გამოცდილების და ცოდნის გაზიარება.

§ ორგანიზაციის სხვადასხვა რგოლის თანამშრომლებს შორის ინფორმაციის გაცვლის და ანგარიშგების მნიშვნელობის გაცნობიერება და პრაქტიკაში დანერგვა.

§ საპროექტო საქმიანობის დაგეგმვისას და განხორციელებისას კოლეგების შესაძლებლობების, უნარების, ინტერესების, სურვილების გათვალისწინება.

§  საკუთარი შესაძლებლობების ზღვრულობის გააზრება და მისი გაცხადება გუნდში.

 

B.2.  ორგანიზაციული დონე:

§  ორგანიზაციის რესურსების ზღვრულობის გაცნობიერება და გათვალისწინება საპროექტო საქმიანობის დაგეგმვისას.

§ პროექტის წერისას გუნდის წევრებს, ასევე საქმიანობაში მოაზრებულ გარე დაინტერესებულ მხარეებს შორის (გარე კონტრაქტორები) ინფორმაციის და მოსაზრებების გაცვლა, მათი ინტერესების და შესაძლებლობების გათვალისწინება.

§   საჭიროების შემთხვევაში გუნდის წევრისთვის მოქნილი სამუშაო გრაფიკის და სივრცის არჩევის შესაძლებლობის მიცემა.

§  გუნდის წევრების განსაკუთრებული საჭიროებების და გაუთვალისწინებელი შემთხვევებისა და საქმიანობაში ცვლილებებისადმი მზაობა.

 

B.3    სათემო დონე:

§  ღიაობა თანამონაწილეების ინიციატივების მიმართ და საპროექტო საქმიანობებში ჩართვისთვის მათი შესაძლებლობების, ცოდნის, შემოქმედებითი პოტენციალის და სურვილების გათვალისწინება.

 

C. თანამონაწილეებთან ურთიერთობა:

C.1     ინდივიდუალური დონე:

§ თანამონაწილეების ინდივიდუალობის გათვალისწინება, მათ საჭიროებებზე რესურსების მორგება და გულისხმიერი დამოკიდებულება.

§  დაწესებული კრიტერიუმების შესაბამისად თანამონაწილეების საჭიროებების პრიორიტეტების განსაზღვრა რათა დროული და შესაბამისი სერვისები მიეწოდოს ორგანიზაციის სამიზნე ჯგუფს.

§   კოლეგა ორგანიზაციების მიმართ თანამონაწილეების ჩივილების მართვა ნეიტრალიტეტის პრინციპით.

§   საკუთარი ძალაუფლების ზღვრების გაცნობიერება და მის ფარგლებში კეთილსინდისიერი და გულითადი საქმიანობა.

§   ირიბი ტრავმატიზაციის რისკების გაცნობიერება და გაზიარება.

§ საკუთარი რესურსების შეზღუდულობის გააზრების კვალდაკვალ თანამონაწილის წინასწარი ინფორმირება და მომზადება ცვლილებების თაობაზე.

 

C.2   ორგანიზაციული დონე:

§  თანამონაწილეების საუკეთესო ინტერესზე და საჭიროებებზე საპროექტო საქმიანობის დაფუძნება.

§  თემთან ანგარიშგების უწყვეტობის უზრუნველყოფა.

§  თემის გაძლიერების მიზნით თანამონაწილეების მოხალისეობრივი ჩართულობის ხელშეწყობა.

§  თანამონაწილეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით საზოგადოებრივი ურთიერთობების დაგეგმვა და წარმართვა.

 

C.3 სათემო დონე:

§   თანასწორ მხარდამჭერთა ჯგუფების განვითარება და თემზე ზრუნვის გაფართოება.

§   თემის წევრებს შორის, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების და სოლიდარობის პრინციპების მხარდაჭერა.

§   თანამონაწილეთა რესურსების აღიარება და ერთმანეთის საჭიროებების ირგვლივ მობილიზება.

 

D.  გარემოზე ზემოქმედება:

D. 1 ინდივიდუალური დონე:

§  გარემოს მიმართ პასუხისმგებლობის კრიტიკული გააზრება და შესაბამისად გაღებული ძალისხმევის აღიარება.

 

D. 2 ორგანიზაციული დონე:

§   მწვანე ხედვის ინტეგრირება ორგანიზაციულ ცხოვრებაში.

§   ზრუნვა ეკოცენტრული ცნობიერებით მოქმედებაზე.

§   რესურსების დაზოგვაზე მიმართული ლოჯისტიკის წარმოება.

§   სუფთა გარემოს პრინციპის დაცვა სამუშაო სივრცეში და მის გარეთ.

 

D. 3 სათემო დონე:

§   თანამონაწილეებს შორის ეკოცენტრული ინიციატივების ხელშეწყობა.